დღეს ჩვენი კაპიტოლიუმი დავიცავით. ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ისტორიული ადგილის დასაცავად თავიანთ პოსტზე დარჩნენ,- ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა. მან კონგრესის სხდომა გახსნა.
„დღეს ჩვენი კაპიტოლიუმი დავიცავით. ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ისტორიული ადგილის დასაცავად თავიანთ პოსტზე დარჩნენ. მათ კი, ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეს, თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასოდეს იმარჯვებს. იმარჯვებს თავისუფლება. ეს ისევ ერის სახლია. ჩვენ ხელახლა შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი დემოკრატიის ძალა. სასტიკი ძალადობისა და ვანდალიზმის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლები კვლავ კაპიტოლიუმში იმყოფებიან, რათა დაიცვან ქვეყნის კონსტიტუცია. მოდით, მუშაობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა პენსმა.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა.
ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.











