ქვეყანას ვირუსთან ერთად ცხოვრება სულ მცირე 2021 წლის ზაფხულამდე მოუწევს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას France24 ავრცელებს.
„ეს ვირუსი ჩვენთან სულ მცირე 2021 წლის ზაფხულამდე იქნება. ყველა მეცნიერი მკაფიოდ ამბობს ამას. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ სტრატეგიისკენ, რომლის არსი შემდეგია: ტესტირება, პრევენცია და დაცვა. ყველაფერი ეს ნოემბერსა და დეკემბერში უნდა გავაძლიეროთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა. პარიზსა და რამდენიმე ქალაქში, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება.











