“ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყოს, ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ექსპრემიერს „პოლიტიკური წონა“ არ გააჩნია, ამიტომ ამ საკითხზე დამატებითი შეფასებისგან თავი შეიკავა.
ზაქარეიშვილი სააგენტოსთან „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას.
„ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი „ქართული ოცნებისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ოპოზიციას აქვს დალაგებული ვითარება, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსები აქვს. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ როგორც არ უნდა დაკომპლექტებულიყო „ქართული ოცნების“ სია, ეს ახალს არაფერს შეცვლიდა.
“ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მაინც მისცემს ამ პარტიას ხმას, ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის სიაში წარმოდგენილი. თვალშისაცემი ფაქტია ის, რომ „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარების სიაში ერთ ქალზე მეტი არ ჰყავს წარმოდგენილი, რაც მიუღებელია“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











