18 ივნისის წვეულების იუბილარი, ანა გაბეჩავა მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
შაქარაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მოწმე სამართალდამცავ ორგანოში ადვოკატთან ერთად მივიდა.
პოლიციის შენობაში შესვლამდე ანა გაბეჩავას უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ანა გაბეჩავას მიმართ ბულინგი მიმდინარეობს და განყოფილებაში სწორედ ამის გამო მივიდნენ.
„მის განცხადებასთან დაკავშირებით, მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ გამოკითხვაზე მოსული. ხორციელდება მასზე ბულინგი“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი 18 ივნისს სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა.
გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს 19 ივნისს 11:00 საათზე მიმართეს. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ კი ფეხბურთელი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს. სასამართლომ ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.










