მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა. მიტროპოლიტის ბრძანების მიხედვით, მათ მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევები ედებათ ბრალად.
“ბრძანება #5:
მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო (გამყრელიძე) გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში,” – აღნიშნულია ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ გამოცემულ ბრძანებაში.
ამ წუთებში მარტვილის დედათა მონასტერთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები ესაუბრებიან მონაზონ სოსანასა და მორჩილ ნინოს, რომლებიც, რამდენიმე საათის წინ, მონასტერში არ შეუშვეს.
იქვე იმყოფება რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც პოლიციას სთხოვენ, მისცენ მათ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება იმისთვის, რომ მონაზვნების დაბინავება შეძლონ.
სამართალდამცველების ცნობით, პოლიცია ეპარქიიდან გამოიძახეს, თუმცა, კონკრეტულად, რა შეტყობინება შევიდა მათთან, არ საუბრობენ.











