პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დეპუტატებს შორის დაპირისპირება „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას მოჰყვა.
კომიტეტის თავმჯდომარემ დამოუკიდებელ დეპუტატს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურისათვის კითხვების დასმის დროს რეგლამენტის დაცვისაკენ მოუწოდა, რაც კამათის მიზეზი გახდა. სხდომის დასაწყისში კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რა დრო უნდა გამოეყენებინათ კითხვებისა და სიტყვით გამოსვლებისას.
„ნუ მიყვირი, უყვირე ვისთანაც გაგსვლია“, – მიმართა კაკულიამ კობერიძეს.
„ვისთანაც გამსვლია და შენ გიყვირივარ. კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და საკითხი უნდა განვიხილოთ, ხელი გააჩერე, ჩაწიე ქვემოთ, ნუ მიქნევ ხელებს“, – მიმართაკობერიძემ.
ამის პასუხად კაკულიამ დეპუტატს მოუწოდა: „მორჩი აქ ბლატაობას“.
„ბლატაობას გაჩვენებ, წესიერად ილაპარაკე. მაცადე საუბარი“, – უპასუხა კობერიძემ.










