გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ამბობს, რომ ეს მოსამართლის პრაქტიკაში ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო.
როგორც ადვოკატი ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლე ბიძინა სტურუა უზენაეს სასამართლოში ვიხილოთ.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ ბატონი სტურუას ყველაზე არაკანონიერი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ არც ერთი მტკიცებულება ამას არ ადასტურებს, რაც ჩვენ გამოგვიცხადა დღეს სასამართლომ. შესაძლებელია ვიფიქროთ ის, რომ ეს არის ერთგვარი გარანტია იმის, რომ ბატონი სტურუა ხვალ და ზეგ ვიხილოთ უზენაეს სასამართლოში და ზუსტად ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი და ზუსტად ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ეს საქმე დაეწერა თვითონ.
სანამ დაიწყებოდა საქმის არსებითი განხილვა, მანამდე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. სწორედ ეს არის ერთგვარი გზა, რომ მან მიაღწია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობამდე. ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც სასამართლო პროცესი ჩაინიშნა პარასკევ დღეს, ხუთშაბათ დღეს დაცვის მხარემ განაცხადა, რომ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და ჩვენ, პარასკევ დილას იუსტიციის საბჭოში ბატონი სტურუა ვიხილეთ როგორც ერთ-ერთი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის. ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი სამარცხვინო იქნება მის პრაქტიკაში და აუცილებლად, ბატონი სტურუას გვარი გაიჟღერებს სტრასბურგის და ევროპის სასამართლოში, რომ არარსებული მტკიცებულებების ფონზე მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი“,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ბიძინა სტურუამ განაჩენი რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ორი ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.











