სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილი განმარტებით, რთველის დროს მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანეს სუბსიდირება მოხდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო 1 კგ ყურძენზე 30 თეთრს დაამატებს.
„ეს 30 თეთრი არის სტიმული, რომ მსხვილმა კომპანიებმა 80 თეთრად შეძლონ შეძენა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ფასი ბაზარზე ზოგადად იყოს 80 თეთრი და მეტი, გააჩნია როგორი იქნება ხარისხი.
ბევრი სპეკულაცია შეიძლება იყოს და თქვან, რომ ფასი უფრო მეტი რატომ არ არის. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ მევენახეობის სექტორში გვაქვს ძალიან რთული ვითარება, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ფაქტობრივად ყველგან არის დაბინავების პრობლემა, ასეთ რთულ ვითარებაში ის ,რომ ჩვენ მინიმალური გარანტიები შევქმენით, არის ძალიან დიდი მიღწევა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მთავრობა რთველის სუბსიდირებას მოახდენს.











