მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი ადამიანის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დაცვის მხარეები დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვით წარდგებიან. ნემსიწვერიძის თქმით, შესაძლოა ბრალდების მხარემ მოწმეები წარადგინოს, თუმცა მისთვის მოწმეების ვინაობა წინასწარ უცნობია.
„დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე წარვდგებით შესავალი სიტყვით, ჩვენ მოვახსენებთ სასამართლოს ჩვენს მოსაზრებას, ზოგადად საქმესთან მიმართებაში ისევე, როგორც იმ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ. ასევე შესაძლებელია ბრალდების მხარემ წარმოადგინოს მოწმეები, თუმცა, ვინ ეს ჯერ ჩვენთვის წინასწარ უცნობია“, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.











