„როდესაც ერთობლივი აქციები ტარდება, ასეთ დროს ჯობია, გამაერთიანებელი იდეები იყოს წინა პლანზე წამოწეული და არ იყოს ვიწროპარტიული იდეები, რაოდენ დიდ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს ეს“,- ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, ფიქრია ჩიხრაძე „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ ბათუმში გამართული აქციის დატოვებას
როგორც ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, ამით ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ შეიტნენ.
„იცით, რომ გუშინ, ბათუმში დატოვეს ჩვენმა წარმომადგენლებმა აქცია, შემდეგ „ლელოს“ ოფისში იყო სრულიად ოპოზიციური სპექტრის შეკრება. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რაც შეიძლება ერთიანობას რაღაც უხერხულობას უქმნიდეს, მე არ ვიტყოდი ჩაშლაზე, ის უხერხულობები გადავწიოთ უკანა პლანზე და წინა პლანზე წამოვწიოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს.
მესმის, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, მაგრამ ის არ არის ერთიანი ოპოზიციის დღის წესრიგი. ოპოზიციის ერთიანი დღის წესრიგი გახლავთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება, უკეთესი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ამაში ყველანი ვართ ერთიანი.
მესმის, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მსხვილი პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ მას ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში, მაგრამ პროტესტში ჩვენ ყველანი ვართ, თითო პარტიის წარმომადგენელი, შესაბამისად, ერთმანეთის ინტერესები მეტად უნდა გავითვალისწინოთ“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ცნობისთვის, ბათუმში ოპოზიციის აქცია გუშინ „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა დატოვეს. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ მოქალაქეები აქციაზე გამოჩნდნენ შეძახილებით „მიშა ჩამოდი“.











