ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საეკლესიო მსახურება დროებით შეწყდა. ინფორმაციას რუსული და აფხაზური მედია საშუალებები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ღვთისმსახურება არ განახლდება მანამ, სანამ არ განისაზღვრება „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“ სტატუსი. თუმცა, ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებლის, ბესარიონ აპლიას ცნობით, ტაძრების კარები მრევლისთვის ღია იქნება.
„სამღვდელოებამ, რომლებიც წავიდნენ თავიან ეპარქიებში, დაე მათ დააყენონ ეს საკითხი ეპისკოპოსების წინაშე, რომ შემდეგ ამ ეპისკოპოსებმა მიმართონ უწმინდეს პატრიარქ კირილს, როგორ ვიყოთ მომავალში. 30 წელი ასეთ ვითარებაში ვართ. ასე გაგრძელება შეუძლებელია. ამიტომაც შევაჩერე ტაძრებში ღვთისმსახურება”, – განაცხადა ბესარიონ აპლიამ, რომელიც აფხაზეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიას ითხოვს.
თუმცა, მისი თქმით, არ შეუჩერებია საეკლესიო მსახურება სოხუმის საკათედრო ტაძარში. ამბობს, რომ აქ მსახურობა ომამდე და ომის შემდეგაც. ამიტომაც მიაჩნია, რომ მას კანონიკური უფლება აქვს ამის. აპლიას იმედი აქვს, რომ რუსეთის პატრიარქი გადაწყვეტს აფხაზეთში, “აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის” სტატუსს.
ბესარიონ აპლიას განცხადებით, ისინი არ შეიძლება იყვნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი.
„ჩვენ არ ვყოფილვართ ამ ეკლესიის ნაწილი და არც ვიქნებით“, – აღნიშნა მან.
ბესარიონ აპლიამ ცალკე სტრუქტურა – „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ 2009 წელს დაარეგისტრირა თვითგამოცხადებული ავტონომიური სტატუსით. უფრო ადრე კი, მოსკოვის, საქართველოს და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებს სთხოვა, აღედგინათ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც მისი მტკიცებით, არსებობა 1795 წელს შეწყვიტა.
აფხაზეთში, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიისთვის ავტოკეფალიის მოსაპოვებლად გზების ძებნა 2008 წლიდან დაიწყეს. ეს მას შემდეგ , რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ საკითხმა კი ერთმანეთს აფხაზი სასულიერო პირები დააპირისპირა. ერთია ბესარიონ აპლია, „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიი“ წარმომადგენელი, პრორუსული ორიენტაციის სასულიერო პირი, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს, მეორე კი დოროთე დბარი, „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ წარმომადგენელი. ის კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან დაახლოების მომხრეა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს საკუთარ კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს, რომელსაც ყველა მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს. თუმცა, ქართველ სამღვდელოებას, ომის შემდგომ აფხაზეთში მოქმედ ტაძრებზე წვდომა არ აქვთ.
ავტორი: თეა შონია











