„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა ძალიან ბევრ ოპოზიციონერს უნდა და ამისთვის „წვალობენ“.
როგორც ელისაშვილი ამბობს, შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ ვინმესთან ფარული მოლაპარაკებები ჰქონდეს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიცია ფარულად ელაპარაკება „ქართულ ოცნებას“. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ჩვენ დავანებეთ თავი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს. ზოგი გაგვებუტა, ზოგმა ზურგი გვაქცია. ამიტომ მოვეშვით მათთან საუბარს, დავსხედით და პირისპირ დავილაპარაკეთ „ქართულ ოცნებასთან“. სხვები, როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა, სადღაც ჩუმ-ჩუმად ხვდებიან. მე ვიცი ერთი, რომ ძალიან ბევრს უნდა შემოსვლა და წვალობენ. ხან რას იძახიან, ხან რას, რომ ადრე ნათქვამი სიტყვებისგან გამოძვრნენ და პარლამენტში შემოვიდნენ. მოვუწოდებ, უფრო მეტი გაბედულებით მოეკიდონ საქმეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.










