“თავს ვერ მოვიტყუებთ “ქართული ოცნება” მხარს თუ დაუჭერს ლეგიტიმაციაც იქნება და დანიშნავენ. გაცილებით დაშაქრულ კითხვებს ველოდებოდი “ქართული ოცნებისგან“, მაგრამ ალაგ-ალაგ არის მწვავე კითხვები. განცდა მაქვს, რომ რამდენიმე კანდიდატით ისეთივე აღშფოთებულები უნდა იყვნენ, როგორც დანარჩენები”,- მის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა პარტია “მოქალაქეები” კენჭისყრაში მონაწილეობას, ელისაშვილი პასუხობს:
“ნდობა ჯერჯერობით არავის დაუმსახურებია. განსაკუთრებით გუშინდელ კანდიდატს თევზაძეს, რომელსაც, იმედი მაქვს, მხარდაჭერა არ ექნება. სხვები, ვნახოთ. შთაბეჭდილება არავის მოუხდენია, ყველა ცდილობს მწვავე კითხვებს გაექცეს, ვითომ „კლანი“ არ არსებობს. რომ მეთქვა ვინმეზე, რომ ეს არის პრინციპული, მტკიცე, ჩამოყალიბებული თავდაჯერებული მოსამართლე, რომელიც მართლა მოსამართლეობას იმსახურებს, ასეთი შთაბეჭდილება ჯერჯერობით არავის დაუტოვებია. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება დამოკიდებულია იმაზე, ვინ რა შთაბეჭდილებას დატოვებს. წინასწარ არც ის განწყობა არ გვაქვს, რომ არავის დავუჭიროთ მხარი, ვინც რა შთაბეჭდილებას დატოვებს, ისე ვიმოქმედებთ”,- განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, ქეთევან მესხიშვილის მოსმენით დაიწყო. დღესვე, 16:00 საათიდან მოუსმენენ კიდევ ერთ კანდიდატს, რევაზ ნადარაიას.











