“რესპუბლიკური პარტია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის ცვლილებას არ ელოდება. როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში ისეთი ეპიდსიტუაცია არ არის, რომ არჩევნები გადაიდოს, თუმცა სამომავლოდ ყველაფერია მოსალოდნელი.
„არჩვენების გადადების გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით, არ ველოდები. საქართველოში, ჯერჯერობით, კორონავირუსის ცოტა შემთხვევები ფიქსირდება, ამიტომ ასეთ ვითარებაში, არჩევნების გადატანა მოსალოდნელი არ არის.
არჩვენების გადატანას საქართველოს არ გაუგებენ. “ქართული ოცნებისთვის” არჩევნები ყველაზე დიდი კოშმარია. გადაგებული არჩევნებიც კოშმარი იქნება, მაგრამ უფრო შორეული კოშმარი, ვიდრე ახლანდელი. რომ ჰქონდეს ხელისუფლებას არჩევნების ერთი წლით გადადების საშუალება, სიამოვნებით გადადებდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა მას, ჯერჯერობით, არა აქვს“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი სააგენტოსთან საკუთარი პარტიის პოლიტიკური გეგმების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი პარტიის პროპორციულ სიაში ლიდერებს, მათ შორის, თამარ კორძაიასა და ხათუნა სამნიძეს ვიხილავთ.
„ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. პარტიის ხელმძღვანელები იქნებიან პროპორციულ სიაში, პირველ ყოვლისა, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, დანარჩენი – ვნახოთ. ჩვენ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე უარი იმიტომ ვთქვით, რომ არა გვაქვს ამჟამად არც ორგანიზაციული და არც ფინანსური შესაძლებლობა ამხელა ოლქებში, რომ საკუთარი კანდიდატები დავაყენოთ“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.











