სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართულების ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს რეზო ჩარკვიანს შეხვდა.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის შენობაში მცირე ახალგაზრდული სივრცის გახსნა იყო, რაც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის მთავარი საკითხები და შედეგები, რაც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა.
ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგები, რომელზე დაფუძნებითაც ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა.
დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა და უახლოეს თვეებში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება.
ახალგაზრდული სივრცის გასახსნელად სააგენტომ პირველადი ტექნიკური რესურსი და ექსპერტული დახმარება უკვე გამოყო. ცენტრში ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმება.











