პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს იწყებს. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
„მოვუსმენთ ორ კანდიდატს: ბატონ გენადი მაკარიძესა და ქალბატონ თამარ ოქროპირიძეს. ამ პროცესში როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე ყველა ოპოზიციურ ფრაქციას აქვს გამოყოფილი დრო. ეს არის მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი“, – აღნიშნავს ოხანაშვილი.










