აზერბაიჯანის მხრიდან დივერსიის მცდელობაში 100-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას news.am-ი ავრცელებს.
როგორც სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა, შუშან სტეფანიანმა დილით განაცხადა, 03:40 საათზე სომეხმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის გადაადგილება შენიშნეს და დივერსიული შეღწევის მცდელობა აღკვეთეს. მისი თქმით, მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი სამხედრო პოზიციის დაკავებას ცდილობდა.
ფაშინიანის განცხადებით, სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.
„ჩვენი მხრიდან დანაკარგი არ გვაქვს არც სამხედროებსა და არც სამოქალაქო პირებს შორის“,- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.
ცნობისთვის, ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.











