სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას შეხვდა. ინფორმაციას news.am-ი ავრცელებს.
პრემიერთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანი და გენშტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ონიკ გასპარიანი.
შეხვედრაზე სამხედროებმა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს ოპერატიულ სიტუაციაზე, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიქმნა. ასევე მოწინააღმდეგის შესაკავებლად სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სადამსჯელო ზომების შესახებ.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. შეხვედრის მონაწილეებმა სიტუაციის შემდგომი განვითარების შესაძლო ვარიანტები და შეიარაღებული ძალების საპასუხო ქმედებები განიხილეს.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, „სომხეთის შეიარაღებული ძალები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ სომხეთთან ძალის პოზიციით საუბარი არ შეიძლება“.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.
ცნობისთვის, ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.











