ფშაველი- აბანო-ომალოს გზა ჩაიკეტა. თუშეთის ახმეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, გზა გაზაფხულამდე აღარ გაიხსნება.
„თუშეთისკენ სამანქანე გზა უკვე ჩაიკეტა. ჩამოთოვა და გაზაფხულამდე გადაადგილება შეუძლებელი იქნება. მუდმივად საცხოვრებლად, სოფლებში, 20-მდე ოჯახი დარჩა. გასული წლის მსგავსად, კვირაში ერთხელ, თუშეთისკენ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იმოძრავებს“,- განაცხადა კახოიძემ.
დღევანდელი მდგომარეობით, თუშეთიდან ცხვრის ფარა და საქონელი უკვე სოფლებშია გადმოყვანილი.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა, შემოდგომაზე, თოვლის მოსვლისას იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება, რაც თუშეთში ტურისტული სეზონის დაწყებას უკავშირდება.
გახსნამდე, გზის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციას, ყოველწლიურად, საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, გზის გაწმენდა-გახსნის სამუშაოები შეფერხდა, რამაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივებმა, რამდენიმე საპროტესტო აქციაც ჩაატარეს და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩაშალეს.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, თუშეთში ტურისტული სეზონიც ჩავარდა. პირველი ავია რეისი თუშეთის მიმართულებით, დღეს განხორციელდება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თუშეთში მუდმივ საცხოვრებლად დარჩენილი მოსახლეობის საკვებით მომარაგების უზრუნველყოფა ხდება. ვერტმფრენით სარგებლობას, შეზღუდული რაოდენობით, თუშეთისკენ გადაადგილების მსურველებიც შეძლებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











