“ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გოგი წულაია, რომელსაც სასამართლომ ქალზე ძალადობის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა, პოლიტპატიმარია.
“პოლიტიკური პატიმრები კი არ გაათავისუფლეს, დაამატეს გოგი წულაიას სახით. ეს ნამდვილად, ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური დევნაა, მოუწყვეს პროვოკაცია ამაზე ორი აზრი არ არსებობს. იმ პერფორმანსის გამო, რომელიც ბერას მოხსენიებას ეხებოდა. ჩვენ გვქონდა საუბარი ერთმანეთთან ოპოზიციონერებს, ჩვენც გვინდოდა გავრკვეულიყავით. უამრავი კითხვის ნიშნებია, ეს დაემთხვა ბერას წინააღმდეგ განხორციელებულ პერფორმანსს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.











