„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავება მოულოდნელი არ იყო, რადგან ბოლო 2 კვირის განმავლობაში ხელისუფლება და ოპოზიცია აქტიურად განიხილავს ამ საკითხს.
რამდენად სამართლიანი იყო სასამართლოს განჩინება, სწორად მოიქცა თუ არა სახელმწიფო და პოლიცია, რამდენად მართებულია საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები – საზოგადოებაში გაჩენილ ყველა ამ კითხვაზე „პრაიმტაიმნიუსი“ ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა, გთავაზობთ ინტერვიუს:
– როგორ შეაფასებდით სასამართლოს განჩინებას?
სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება სავსებით სამართლიანი იყო, რადგან აშკარა ნიშნები იყო იმისა, რომ ეს ხალხი სახელმწიფო დაწესებულების შტურმზე მიდიოდა. როდესაც მელიამ გირაო შეიტანა, ამის საფუძველზე გარეთ იყო და სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ამის მერე სამაჯურის მოხსნა და კანონთან დაპირისპირება იყო აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი და შესაბამისი გადაწყვეტილება იყო მეორე გირაოს შეფარდება და სასამართლო პროცესის გაგრძელება.
რაც შეეხება დაკავებას, თუ დაკავებაზე მიდგა საქმე, ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა სამაჯური მოიხსნა და კანონს წინააღმდეგობა დემონსტრაციულად გაუწია.
შემდეგ განვითარებული მოვლენები, პირადად ჩემთვის, იყო კანონს გარეთ გასული და პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნიშნებს ატარებდა. მომხრე ვიყავი, რომ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტი მოეხსნათ, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ვთვლიდი, რომ დაკავება აუცილებელი არ იყო.
დღეს მისი დაკავება კიდევ უფრო დაძაბავს და კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებს ქვეყანას. თუმცა, კანონის თვალსაზრისით, ის უნდა დაეკავებინათ
– როგორ აფასებთ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებს, რომელიც საკმაოდ მწვავე შინაარსისაა
ხელისუფლებამ სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა ძალიან კარგი სასტარტო მდგომარეობა, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების აზრი რადიკალურად განსხვავებული იყო დღევანდელი ვითარებისგან. მათ იქვე უნდა მიეღოთ ზომები და ზოგადად, ასეთი ვითარება იქვე უნდა აღმოფხვრა, როდესაც ამბავი ცხელია და დროში არ უნდა გაწელო.
თუმცა, საერთაშორისო პარტნიორების ქმედება ზოგ შემთხვევაში აშკარად მიკერძოებულ პოზიციას ამყარებს და ეს კარგად ჩანს ლიეტუვას წარმომადგენლის საქციელში, რადგან ჩემთვის ცნობილია მათი პოლიტიკური ცხოვრების წესი და ძალიან კარგად ვიცი როგორ და რისთვის დაიჭირეს დეპუტატები. ერთი დეპუტატია, რომელიც სამჯერ ჰყავთ დაჭერილი, მოხსნილი აქვთ იმუნიტეტი, იჭერენ, მერე ისევ გამოდის, მონაწილეობს არჩევნებში და ისევ დეპუტატი ხდება.
– როგორ აფასებთ ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სტარტს?
გახარიას გადაწყვეტილება დროის გაწელვის თვალსაზრისით არ იყო სწორი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ვნებათაღელვა ჩაეხშო, მართებულია.
რაც შეეხება ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, მგონია, რომ ნაჩქარევია. ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ ამ ამბავმა ქვეყანას მეტი ზიანი არ მოუტანოს, თორემ ის, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო, სადაო არ არის.
– როგორ შეაფასებთ პოლიციის მოქმედებებს?
პოლიციამ აჩვენა პროფესიონალიზმი იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები მინიმალურად დაზიანდნენ. წინა ხელისუფლებამ მიგვაჩვია, რომ მაქსიმალური დაზიანებები უნდა ჰქონოდათ ადამიანებს, რომ შიშის გრძნობა ჰქონოდათ რაც შეიძლება ღრმად წასული და ძლიერი. ახლა ასეთი რამ არ ყოფილა, ყველაფერი შეიძლება დააბრალო დღევანდელი სპეცოპერაციის მესვეურებს – უდროობა, არასწორად შერჩეული დღე, მელიას პირადი წყენინება, ყველაფერი, გარდა იმისა, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა დემოკრატიული კანონების დარღვევით და ადამიანების უფლებების ხელყოფით.
– მხოლოდ აქციებია დღევანდელი ოპოზიციის ბერკეტი?
სოციალურ ქსელშიც და გარეთაც ვხედავ, რომ ისმის მოწოდებები – ძალადობას ძალადობით უნდა უპასუხოო. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, თითოეული ასეთი ღონისძიება ქვეყანას უკან წევს და ბოლოს და ბოლოს დაშლის, დაანგრევს. უკვე 30 წელია სამოქალაქო დაპირისპირების რეჟიმში ვართ, ქვეყანაში ვერაფრით მოვიდა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა 80-90% მხარს უჭერდეს. ეს ხელისუფლების პრობლემაა – ვერაფრით შექმნა ისეთი სისტემა, როდესაც კანონი მართლა კანონობს, როცა დემოკრატიული პრინციპები მართლა დაცულია და როცა ქვეყანა აღმშენებლობის გზაზე დგას. ამას ემატება ისიც, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უცხო ძალები ერევიან. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ მტრებზე, ვლაპარაკობ მოყვრებზეც. ვისაც არ ეზარება, ჩვენი მეზობელი იქნება თუ პარტნიორი, ყველას შეუძლია ხელი აფათუროს ქართულ პოლიტიკაში და თავისი ნარატივი შექმნას. გაუთავებლად ხელს ვიშვერთ რუსეთისკენ, არ არის ის ერთადერთი ამ საქმეში, მას თავისი ნიშა აქვს, სხვებს თავისი.
– ამ ვითარებაში, რა არის კრიზისიდან ამოსავალი
განმუხტვის პერსპექტივა არ ჩანს. მე როგორც ვხედავ, ან კარგად არ არის ნამუშევარი ჩვენს პარტნიორებთან, ან პარტნიორებს გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ ამ ხელისუფლებას მხარი აღარ დაუჭიროს, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე











