პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი.











