პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებმა ხაშურის ერთ-ერთ სოფელში 73 წლის მოხუცს ჯგუფურად მიაყენეს შეურაცხყოფა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ. 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ:











