ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკველობაში აქვთ ბრალი წაყენებული, შაქარაშვილი წყალში ჩააგდო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, მოწმეებმაც გაიგეს, თუ როგორ მისდევდნენ გიორგი შაქარაშვილს და ხიდის ქვეშ ჩაყვნენ.
„სასამართლოს მოვახსენეთ ჩვენი სიტყვა და ბრალდების ირგვლივ ყველა იმ მტკიცებულებაზე ვისაუბრეთ, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია. ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, თუ როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში. თუ როგორ გარბის გიორგი შაქარაშვილი ეს ვიდეოჩანაწერშიც ჩანს, მოწმეებიც არიან ადგილზე და მადლობა ღმერთს, რომ ადგილზე იყვნენ და დაინახეს, როგორ მისდევდნენ და გაიგეს ხმები, რომ გიორგი შაქარაშვილს ჩაყვნენ ხიდის ქვეშ, დიახ, ახვლედიანს და ამირხანაშვილს ვგულისხმობ.
ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და მისი გარდაცვალება წყალში დახრჩობით მოხდა. ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო. ამას ვარაუდით არ ვამბობთ, ამას მტკიცებულებების, ვიდეოჩანაწერის, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ვაცხადებთ. შ.პ.ს. „ელდერადოს“ ვიდეოჩანაწერები ასახავს იმ გარემოებას, რომ გიორგი შაქარაშვილს მისდევენ. იმ ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, სამწუხაროდ არ არის ვიდეოჩანაწერები, თუმცა, უამრავი მტკიცებულება არსებობს. პირდაპირი მტკიცებულებებია იმ პირების ჩვენებები, რომლებიც უახლოეს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ესენი არიან გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი. როცა გურამ ამირხანაშვილი თბილისში წამოიყვანეს, გზაშიც იყო საუბარი შაქარაშვილთან დაკავშირებით, ბრალდებულები ინტერესდებოდნენ, ისევე კარგად იცოდა თუ არა მან ცურვა, როგორც დარბოდა“, – აცხადებს ყაზარაშვილი.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახორციელებდა.











