„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევისას გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ წინასწარ დაგეგმილი სცენარით მოქმედებს.
„ქართული ოცნება“ რომ წინასწარ დაგეგმილი სცენარით მოქმედებს, ეს რა თქმა უნდა, გამოჩნდა და ამაში არაფერი მოულოდნელი არ არის. თუ ვინმეს ილუზია ჰქონდა, რომ მიშელის შეთანხმება იძლეოდა გარდატეხის რეალურ შესაძლებლობას „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს იყო ან თავის მოტყუება, ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ჰქონდა ამოცანა, რომ ადმინისტრაციაში მათი პოლიტიკური კონტროლის, ივანიშვილის რეჟიმის კონტროლის დომინაცია იყოს. ეს დავალება შესრულებული იქნება. პოლიტიკური დასჯის პრეცედენტისთვის და დომინაციის გასამყარებლად „ლეიბორისტულ პარტიას“ ანტიკონსტიტუციურად, უტიფრად და უსამართლოდ მოექცნენ იმისთვის, რომ სრულად გაენაღდებინათ საარჩევნო კომისიებში ბალანსი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ცუდია, რაც სამართლიან არჩევნებს აზიანებს, საბედნიეროდ, მხოლოდ მანდ არ წყდება გამარჯვების და ვადამდელი არჩევნების მოპოვების ბადი. ეს მაინც მიღწევადია მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის პირობებში. იმ ტიპის აქტიურობას უნდა მივაღწიოთ ივანიშვილის რეჟიმზე, რომელსაც ვერ გაანეიტრალებს არალეგიტიმური მეთოდებით. ეს არის შესაძლებელი, თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, გვექნება რწმენა და მოვიპოვებთ მოქალაქეების ნდობას. შეუძლებელია ამ კანდიდატებზე კონსენსუსი მოხდეს, იმდენად ნათელი ვითარებაა“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურები 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტმა გადაწყვეტილება წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მიიღოს.










