“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.
გოცირიძე სკეპტიკოსებს მოუწოდებს, შეწყვიტონ “წუწუნი”, რადგან ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს ცირკულირებს უსაფრთხო და ეფექტიანია.
“როგორც ასეულ მილიონობით აცრის შედეგებიდან ირკვევა, ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს ცირკულირებს, აღმოჩნდა უსაფრთხო და ეფექტიანი. ეს ეხება ჩინურსაც და რუსულსაც. რუსული შემთხვევა იმიტომ არის კრიტიკის ობიექტი, რომ მის ხელისუფლებას არ ადარდებს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რადგან სანამ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებზე გამოცდიდნენ, ფაქტობრივად, მილიონობით ადამიანზე გამოსცადეს. გაუმართლათ. არ მოხდა ცუდი რამ. ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ჩინურასც და რუსულსაც დაარეგისტრირებენ კომპეტენტური და სანდო ორგანიზაციები. ეს არ ნიშნავს, რომ რუსული შემოვიტანოთ. ეს უკვე პოლიტიკაა და არა მედიცინა. რაღაც ეტაპზე ჩინურიც რომ შემოვა, ეჭვიც არ მეპარება. ალბათ გრიპივით ყოველწლიური გახდება კოვიდზე აცრა. ამიტომ, შევეშვათ წუნიობას, რასაც მდიდარი ქვეყნები ( ფულიანი არაბებიც კი) არ მიმართავენ და დროულად შემოვიტანოთ რაც ხელში ჩაგვივარდება. ასევე დროულად მივცეთ უფლება კერძო სტრუქტურებს ჩაერთონ ამ პროცესში.
ამ შემთხვევაში დრო სიცოცხლეა. დრო რომ ფულია, ეს კი ვისწავლეთ, მე მგონი.”, – წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა.
ამასთან, 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციაზე 2 492 მედპერსონალი დარეგისტრირდა.










