„ქართულ ოცნებაში“ 13 კონგრესმენის მიერ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს რეალობად არ აღიქვამენ.
როგორც „პრაიმტაიმთან“ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა, მას შთაბეჭდილება ექმნება, რომ „დოკუმენტი ვიღაცამ მოიპარა და ივანიშვილის სახელი მიამატა’.
„სრული შთაბეჭდილება მრჩება, რომ დოკუმენტის საწინააღმდეგოდ არის ეს ფრაზა გაჩენილი, ანუ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, თითქოს ვიღაცამ მოიპარა ეს დოკუმენტები და ეს სახელი და გვარი მიამატა, რადგან არავითარი საფუძველი ამას ნამდვილად არა აქვს.
საიდან იკვეთება კრემლთან კავშირი?! -თუ ის არის, რომ მან ომის პროვოცირება არ მოახდინა, ეს საღ აზრს მოკლებულია. რა საფუძველზე ილაპარაკონ კაცზე, რომელსაც თავის ქვეყნისთვის აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული?!
თუ მავნებელი ოპოზიციის და სააკაშვილის საცეცები წვდება ამ 13 კონგრესმენებს, ეს მათი პრობლემაა. ეს ჩემთვის აღმაშფოთებელია. იმედი მაქვს, რომ ცოტა რომ დამშვიდდება ამერიკაში მდგომარეობა, ალბათ უფრო საღად შეხედავენ, როგორც თავის ქვეყანას, სხვა ქვეყანას“,- განაცხადა ქანთარიამ.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ „საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მეგობარია, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.











