დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაშვებულ სავარაუდო შეცდომებზე.
„საქართველო მიჰყვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. თუ რამდენად მოახდინა თითოეულმა ქვეყანამ დროული რეაგირება ჯანმოს რეკომენდაციებზე, ეს არის უკვე ქვეყნის გადაწყვეტილება, რამდენად სერიოზულად აღიქვეს მათ ის საფრთხეები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აანონსებდა. მაგრამ დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, დღეს არის მხოლოდ რაციონალური ნაბიჯების დრო და ერთობლივად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შევძლოთ და დავძლიოთ პანდემია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსოფლიოს ის სჭირდება.











