„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებიდან მათი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კენჭისყრის პროცედურებმა ზოგიერთ უბნებზე დარღვევებით ჩაიარა.
სალაძე ამბობს, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საიას დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს და ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი დაემუქრნენ.
„ამ დროისთვის დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა, რომლებიც ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.
ზოგადი ტენდენციის სახით, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, რამდენიმე შემთხვევაში მათ დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი.
პირველი ტურის მსგავსად მეორე ტურის დროსაც ჩვენს მიერ დაფიქსირდა ამომრჩევლის ნების კონტროლის შემთხვევები. მთელ რიგ შემთხვევებში, უბნების მიმდებარედ მობილიზებული არიან კოორდინატორები, პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ შექმნან ზეწოლის გარემო და თვალთვალის განცდა,”-განაცხადა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.
ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.











