პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს, მანმადე კი რეზოლუციის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში განიხილავენ.
დეპუტატების თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტის მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და პრობლემის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაა.
პროექტში ასახულია ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტი, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებს მუშაობას.











