საფრანგეთში ათობით ვებ-გვერდი ისლამისტების ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დამნაშავეებმა ათობით ვებ-გვერდზე განათავსეს ფოტო, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღორის ფორმით იყო გამოსახული. მათ ასევე განათავსეს პროპაგანდისტული მოწოდებები, რომელშიც ისლამის გამარჯვებაზე და საფრანგეთის სიკვდილზე იყო საუბარი.
კიბერთავდასხმის მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელიც ემანუელ მაკრონმა პარიზში სკოლის პედაგოგის მკვლელობის შემდეგ გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება.
მაკრონის ამ გამოსვლას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილში საპროტესტო აქციები და ფრანგული პროდუქციის ბოიკოტი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი, მაკრონს „მენტალური ჯანმრთელობის შემოწმებისკენ“ მოუწოდა.











