ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძრის გაჩენის საქმეზე დაკავებული პირი, 39 წლის რუანდელი ლტოლვილი გაათავისუფლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ის არაფერ შუაში არ არის. არსებული შეუსაბამობები უკვე დავაზუსტეთ“,- აცხადებს საფრანგეთის პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, ქალაქ ნანტში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში ცეცხლი 18 ივლისს გაჩნდა.
ლტოლვილი კაცი ტაძარში მოხალისედ მუშაობდა. სწორედ მას ევალებოდა ტაძრის ჩაკეტვა ხანძრის გაჩენამდე ერთი დღით ადრე.
ინფორმაციისთვის, ეს ხანძარი ტაძრისთვის პირველი არ არის. 1972 წელს ხანძარმა შენობის სახურავი დააზიანა და მის აღდგენამდე ტაძარი 3 წლის განმავლობაში დახურული იყო.
წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და მის საბოლოოდ დასრულებას 457 წელი დასჭირდა.











