გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, საქმის მასალებში სამი პირის ჩვენება არ დევს.
მისივე თქმით, აქედან ერთი იდენტიფიცირებულია და ძალიან მნიშვნელოვანია.
„ასევე მეორე ჩვენება. მისი მნიშვნელობა ჯერჯერობით არ ვიცით. ასევე არის მესამე პირი, რომელიც იდენტიფიცრდება, მოწმეთა იმ სიაშია, რომელიც დაიკითხა. თუმცა, მისი ჩვენება საერთოდ არ დევს საქმის მასალებში. აქედან გამომდინარე, ვარაუდის საფუძველს აჩენს, რომ შეიძლება ეს ჩვენებები დამალული იყოს,“ – აცხადებს ვახტანგ ბარამაშვილი.
ცნობისთვის, მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა „იმედში“ მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.











