გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ადვოკატები გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან.
როგორც ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, თუკი მათთვის არასასურველი განაჩენი დადგება, დავას აუცილებლად შემდგომ ინსტანციებში განაგრძობენ.
„ჩვენ სამასი საათი ვიმუშავეთ ამ საქმეზე, გამოვიკვლიეთ ყველა მტკიცებულება და არც ერთი არ ადასტურებს არასრულწლოვნის შემხებლობას შაქარაშვილთან. გამოვიკვლიეთ რა ვითარებაში მოხდა დაზიანება და როგორ აღმოჩნდა წყალში უამრავი მტკიცებულება, მაგრამ რომელიმე მოწმეს რომ დაედასტურებინა, რომ რომელი ბრალდებულს ჰქონდა შემხებლობა გიორგი შაქარაშვილთან, ასეთი რამ არ მომხდარა. არ დასტურდება ასეთი რამე არც ამირხანაშვილის ხუთჯერ მიცემულ ჩვენებაში. ჩვენ ერთადერთ, ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალი ხუთ პირს აქვს წაყენებული. მათგან ორი არასრულწლოვანია.
საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. საქმის განხილვა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ სათათბიროდ ყოფნისთვის ჯამში შვიდი დღე გამოიყენა.











