19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, ისინი შემდეგ სასამართლო პროცესამდე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართავენ.
ჭიკაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს, რომ სასამართლოს გულწრფელი ჩვენება და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
„ვაპირებთ, შემდეგ პროცესამდე მივმართოთ ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით.
საბა ჩხარტიშვილის მხრიდან არის მზაობა, რომ მან სასამართლოს მისცეს გულწრფელი ჩვენება, შესაბამისად ის აუცილებლად სასამართლოს მიაწვდის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ამასთან, იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მისთვის გახდა ცნობილი”, – განაცხადა ჭიკაიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა მოლოდინი, რომ შემდეგ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის გათავისუფლება მოხდება, ადვოკატი პასუხობს:
„თუ ტექნიკურად ბრალდების მხარის მხრიდან იყო თანხმობა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით ასეთ შემთხვევაში მოესწერება, ეს განხილვის საკითხია.
თუ ბრალდების მხარე დააზუსტებს და საპროცესო შეთანხმებაზე გვეტყვის თანხმობას, ასეთ შემთხვევაში, რჩება შემდეგი ეტაპი, რომ სასამართლომ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება და მეორე საკითხია, რა პირობებზე შევთანხმდებით ბრალდების და დაცვის მხარეს.
დატოვებს თუ არა კონკრეტული ბრალდებული, საბა ჩხარტიშვილი – ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა პირობებზე იქნება შეთანხმებული საპროცესო შეთანხმება და საერთოდ, შეთანხმებას მივაღწევთ თუ არა”,- განაცხადა დავით ჭიკაიძემ.
ცნობისთვის, შემდეგი სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.











