უკვე რამდენიმე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვების სერია გრძელდება.
ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებაში მივიდა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, რომელიც არის არასრულწლოვანი და ასევე ლუკა ბეჟანიშვილი, რომელიც ფიგურირებს აგარაკზე მომხდარ კონფლიქტში, თუმცა ის მცხეთის გზატკეცილზე აღარ იმყოფებოდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში, ლუკა ბეჟანიშვილი ამბობს, რომ გამომძიებლებს სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. კითხვები ეხებოდა, იმ მონაწერებსა და ვიდეოჩანაწერებს, რომელიც არსებობს მის სოციალურ ქსელში.
უფრო მეტი დეტალი სავარაუდოდ გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გუშინ 17 პირი დააკავეს.











