19 წლის ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო უწყებაში, საქმის კიდევ ერთი მოწმე, ბარბარე ურიდია გამოიკითხა.
ურიდია აცხადებს, რომ ის საგამოძიებო უწყებაში მეორედ იმყოფებოდა – პირველ გამოკითხვაზე გადაადგილების დეტალები გამოკითხეს, დღეს კი მისი კუთვნილი სოციალური ქსელები დაათვალიერეს.
„პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ წინაზე როდესაც ვიყავი მოსული, რაღაც გადაადგილების დეტალები იყო გასარკვევი, ვთქვათ, რა დროს რა ადგილას ვიმყოფებოდით და ახლა საჭირო გახდა სოციალური ქსელების დათვალიერება, „ფეისბუკის“, „ინსტაგრამის“ და შესაბამისად, ამიტომ დამჭირდა ახლა მოსვლა.
წინაზე ეტყობა ჯერ არ იყო იმის დრო, რომ სოციალური ქსელები დაეთვალიერებინათ და ახლა გახდა საჭირო. 19 ივნისს ჩვენ ვიყავით ლისზე. დაკარგული იყო თუ არა გიორგი, არ ვიცოდით. სახლში რომ მივედით, მაშინ გავიგეთ, რომ ასეთი რაღაც იყო მომხდარი.
ამის შესახებ ვინც იყვნენ ჩემი ახლობლები – დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე, ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე, მათგან გავიგე ეს ამბავი. წავიდნენ ბავშვები, რომ ერთმანეთი წამოეყვანათ.
რა თქმა უნდა, ყველას ეძებდნენ და არ ჰქონდა მნიშვნელობა, კონკრეტულად ჩვენი მეგობარი იყო თუ არა, მაგრამ ვერ იპოვეს. როგორც ვიცი, გადმოსულებიც იყვნენ მანქანიდან და ისეც ეძებდნენ“, – განაცხადა ბარბარე ურიდიამ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს კიდევ სამი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, ლუკა ბეჟანიშვილი და არასრულწლოვანი ლ.ქ. გამოიკითხა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გუშინ 17 პირი დააკავეს.











