შატილის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დროს დაშავებული სამი მგზავრიდან კლინიკა სამივე მათგანმა დატოვა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს.
„როცა შემოიყვანეს კლინიკაში, მათგან ორი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. დაახლოებით 48 საათის განმავლობაში წნევა არ იზომებოდა. ღვთის წყალობაა, რომ 33-ე დღეს მათ კლინიკა დატოვეს. სამივე მათგანს ჰქონდა მრავლობითი მოტეხილობა, ერთ-ერთს ხერხემლის სვეტი ჰქონდა დაზიანებული, სამივეს ჰქონდა მძიმე ტრავმული დაზიანება ძვალ-სახსროვანი სისტემის. საბედნიეროდ, სამივე გადარჩა, რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია დასჭირდებათ, მაგრამ გამოჯანმრთელებულები წავიდნენ კლინიკიდან“, – განმარტა რატიანმა.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე საბედისწერო ტურს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.











