ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი საგანგებო განცხადებას აკეთებს და ხელისუფლებას მიმართავს.
„არ ვაპირებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო, რადგან ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი, არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს. ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც არარსებული მითიური ელექტრო ხელსაწყო.
მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია „პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამორიცხულია კრიტიკული მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაყურებელი და ჩვენი ხმა ამ ქვეყანაში არ ისმოდეს. მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.
ცნობისთვის, სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა.
„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ მოითხოვა რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს, “- ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.
„TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.











