შსს-მ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი – წარსულში იგივე ფაქტზე რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული ზ.ჩ. და 1967 წელს დაბადებული ნ.ჯ. თბილისში დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ბრალდებულები სხვადასხვა რაოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას პირდებოდნენ. ხალხს ფულს ართმევდნენ და შემდეგ, მათთან კავშირს წყვეტდნენ.
ბრალდებულებმა, სულ, დაახლოებით 145 000 ლარის ოდენობის თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს. მოსამართლის განჩინების მიხედვით, აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











