არ შევეგუებით და ვაგრძელებთ ოკუპაციასთან, მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
მიუხედავად 100 კმ მავთულხლართისა, რომელიც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არის გავლებული ჩვენ არ შევეგუებით არსებულ ვითარებას. საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ერთობლივი გაორმაგებული ძალისხმევით, მათ შორის ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ ოკუპაციასთან და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას პრინციპული, თუმცა პრაგმატული და ცალსახად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ამ დრომდე განიცდის საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას.
„სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ხუთი მოქალაქე, ხოლო გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობაში ბრალდებული პირები ამ დრომდე დაუსჯელნი რჩებიან.
მიზანმიმართულად შეზღუდული აქვთ იმგვარი უფლებებით სარგებლობა, რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის. მძიმე უფლებრივ მდგომარეობას ემატება ადგილზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება, რამაც ახალგორის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია“,- განაცხადა ახვლედიანმა.











