რამდენიმე ასეული ადამიანი ვაშინგტონში თეთრ სახლთან საპროტესტო აქციას მართავს.
მანიფესტანტები პრეზიდენტის არჩევნების ყველა ხმის დათვლას ითხოვენ.
ისინი მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობენ და სკანდირებენ: „ტრამპ, ახლავე წადი!“ მათ თან მოქმედი პრეზიდენტის გამოსახულებით გასაბერი თოჯინა დააქვთ.
ქალაქში პოლიციის გაძლიერებული მორიგეობაა, თუმცა, ამ დროისთვის ისინი სიტუაციაში არ ერევიან.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ ყველა შტატიდან არ არის დათვლილი. ოთხშაბათს ტრამპმა მოვლენებს გაასწრო და საკუთარი გამარჯვება გამოაცხადა. მან დემოკრატები „არჩევნების მოპარვაში“ დაადანაშაულა.
მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბი ხმების ხელახალ გადათვლას მოითხოვს.
წამყვანი ამერიკული ტელეარხების ცნობით, ამ დროისთვის ლიდერობს დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი. საბოლოო გამარჯვებისთვის მას მხოლოდ საარჩევნო კოლეგიების 6 ხმა სჭირდება.
ტრამპის შტაბმა უკვე მიმართა ჯორჯიის სასამართლოს, პენსილვანიის შედეგები კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.











