თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
„თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის სამხედრო ძალების მიერ აზერბაიჯანის ტოვუზის რეგიონზე თავდასხმას. ვიზიარებთ ჩვენი ძმებისა და მეგობრების, აზერბაიჯანელი ხალხის, ასევე აზერბაიჯანის მთავრობის მწუხარებას გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გამო და დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ის ფაქტი, რომ ეს სომხეთის აგრესიული ნაციონალიზმის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომელიც აზერბაიჯანმა აღკვეთა, არის მყარი მტკიცებულება, რომ ეს აგრესია უპასუხოდ არ ჩაივლის.
სომხეთი მცდელობები, რომელიც ემსახურება მის მიერ წლების განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ადგილების უკანონო ოკუპაციისგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას, ასევე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შეფერხების მიზნით, კონფლიქტისთვის ახალი განზომილებების მიცემას, აუცილებლად წარუმატებელი იქნება. სომხეთმა უნდა დათმოს ასეთი სახიფათო ტაქტიკები, სამაგიეროდ კანონისა და საღი აზრის გზა აირჩიოს. სომხეთის ავანტიურიზმი, რომელიც მის შესაძლებლობებს სცდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს სომხეთის განსჯის უნარის ნაკლებობაზე, ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთის მიერ საკუთარი აგრესიის დაფარვის მცდელობებს არ მიიღებს. თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის მხარდაჭერას მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებში“,- ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.









