„31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გააკეთა სწორი არჩევანი, დღეს ჩვენ გავამყარებთ ჩვენს გამარჯვებას და საბოლოო წერტილს დავუსვამთ ამ ყველაფერს”, – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
შენგელია აცხადებს, რომ მეორე ტურში ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, რადგან იცოდნენ, რომ უპირობოდ დამარცხდებოდნენ.
„რაც შეეხება ოპონენტების ბოიკოტს, მათ ალბათ, წინასწარ იცოდნენ, რომ უპირობოდ დამარცხდებოდნენ და ეს არჩევანი გააკეთეს. ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ვატარებთ არჩევნებს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებენ და პარლამენტში შესვლასაც არ აპირებენ.
იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა „ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.











