უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა.
„ხუთი წუთის წინ შევიტყვეთ, რომ უარი გვითხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა ამზადებენ ოფიციალურ პასუხს, გავიგებთ უარის თქმის მიზეზს. ჩვენ აქ მაინც მოვედით, მსურს, შევხვდე ამ კოლონიის ხელმძღვანელს. ვიცი, რომ დირექტორი ავად არის, თუმცა მის მოვალეობას ხომ ასრულებს ვინმე, ასევე მსურს, შევხვდე ამ კოლონიის მთავარ ექიმს, რადგან დღეისთვის ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, როგორ აპირებენ რეანიმაციული პროცედურების ჩატარებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აღჭურვილობისა და პროფესიონალურად მომზადებული ექიმების გარეშე. ამიტომ ჩვენ გვინდა შევიდეთ, მივაღწიოთ მათთან შეხვედრას და შემდეგ გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვმა.
ამასთან, უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ სურს შეხვდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.
„მე მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. მე მას დავურეკე, მივწერე. სამწუხაროდ, მან არ მიპასუხა. როგორც ჩანს არსებობს რამე მიზეზები, რომ მე არ დამიკავშირდეს. მსურს, წარმომიდგინონ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები. დღეს მისი შიმშილობის დაწყებიდან 47 დღე გავიდა. მსურს, მთავარმა ექიმმა ამიხსნას, რა აღჭურვილობა არის, ამ აღჭურვილობის ჩამონათვალი და არიან თუ არა სპეციალისტები ამ აღჭურვილობის გამოსაყენებლად. რადგან დღეისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ იქ დგას კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც წამოიღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან და რომელიც დგას დერეფანში იმ განყოფილების მახლობლად, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. როგორ არის შესაძლებელი ამ აპარატის გამოყენება, ეს კითხვაც არის.
ამიტომ ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის მონაცემები, რომლის მიღებაც შეგვიძლია მხოლოდ ადვოკატებისგან ან კონსილიუმის შემადგენლობაში მყოფი ექიმებისგან. ვისურვებდი, პირადად დავრწმუნებულიყავი, რომ არსებობს აღჭურვილობა, არიან პროფესიონალი ექიმები. შეგვიძლია დავუშვათ, რომ სასჯელაღსრულების ამ სამედიცინო დაწესებულებაში არ არიან კვალიფიციური ექიმები, რადგან 14 ნოემბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, სასწრაფო დახმარება სხვა სახელმწიფო კლინიკიდან გამოიძახეს. ამიტომ ვისურვებდი, ყველა ამ კითხვაზე პასუხის მიღებას“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.











