„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება თუ სახელმწიფო მდივანი უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს, რა ვითარებაა ქვეყანაში.
როგროც ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, მაიკ პომპეოს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი.
„ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებასთან ერთად, მაიკლ პომპეო განიხილავს 31 ოქტომბრის არჩევნებს და იმ შედეგებს, რომელიც დადგა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის, რა გზავნილები ექნება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. ჯერჯერობით რაც წავიკითხე, შეხვედრები არის ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც ასეთი რანგის დიპლომატი ჩამოდის, ძალიან კარგად არის ინფორმირებული ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ოპოზიციის პოზიციაზე, თუმცა რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ სახელმწიფო მდივანი უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს, რა ვითარებაა ქვეყანაში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბრს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს.











