ალეკო ელისაშვილი ცესკოს წარმომადგენლებსა და შსს-ს მიმართავს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეები მზად არისნ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.
„გთავაზობთ ამ ვითარების მშვიდობიან განტვირთვას. რამდენიმე ადამიანი შემოვალთ, რამდენიმე ადამიანი თქვენგან გამოვიდეს და შუაში დავილაპარაკოთ და განვმუხტოთ ეს ვითარება, ჩვენ გთავაზობთ მშვიდობიან გამოსავალს. ვინმე, ვინც არის მან პასუხისმგებელი პირი გამოვიდეს, ჩამოვიდეს თამარ ჟვანია და ვინც არის ახლა შსს-დან. ჩვენ გთავაზობთ მშვიდობიან გამოსავალს. აქეთაც ხალხი დგას და თქვენც ხალხი ხართ, თქვენც ქართველები ხართ და ჩვენც. ნუ დაძაბავთ ვითარებას. დავილაპარკებთ, გაგვიკეთეთ დერეფანი. სიტყვას გაძლევთ, რომ ამ დერეფანში სამ კაცზე მეტი არ შემოვალთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს ცესკოსთან გადაადგილებისკენ მოუწოდა.
„ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.
აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.