ახმეტაში, წუხელ მომხდარ ინციდენტს, ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის მამა, წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს.
მამუკა ზვიადაური თვლის, რომ სპორტსმენი იმავე პირმა დაჭრა, ვინც 2013 წელს, ახალიწლის ღამეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, მათი საცხოვრებელი სახლი, ავტომატური ცეცხლსასროლი ირაღიდან დაცხრილა.
სროლის შედეგად, საცხოვრებელ სახლს, 13 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
სახლის დაცხრილვის მიზეზი, კი, ზვიადაურის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან შელაპარაკება გახდა.
ჩემპიონის მამა, სახლის დაცხრილვასა და გუშინდელ ფაქტებს
შორის, სავარაუდო კავშირს ხედავს.
„ვვარაუდობ, რომ ქისტაურის კონფლიქტის გაგრძელებაა. მაშინ მეც სახლში ვიყავი, ეგ ამბავი რომ მოხდა. სხვა ვარაუდი არ მაქვს“, – განაცხადა ჩემპიონის მამამ.
თავად, ზურაბ ზვიადაური, ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. სავარაუდოდ, ის, მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებს.
ახმეტის საავადმყოფოს მედპერსონალს, ამ დრომდე, კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, დაჭრის ფაქტი, წუხელ ახმეტაში მოხდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოლიმპიურ ჩემპიონსა და პარლამენტის ყოფილ წევრს, ზურაბ ზვიადაურს, ჭრილობა გულმკერდის არეში, ცივი ირაღით მიაყენეს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











