ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული სამინისტროს მინისტრის მოადგილე – გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა – ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი შენგელიამ დევნილთა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც სამუშაოები უკვე დასრულდა.
“დევნილთა სააგენტოს პრიორიტეტს, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლებასთან ერთად, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაც წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 შენობის სახურავი შეიცვალა, რისთვისაც დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 800 000 ლარზე მეტი გამოიყო” – ნათქვამია განცხადებაში.











