„ევროპული საქართველო“ ნაცმოძრაობას სთავაზობს, რომ 22 რეგიონალური ოლქიდან კანდიდატი 18 ოლქში დააყენონ.
როგორც ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს, ასეთი შეთანხმების შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ კანდიდატს არ წარადგენს 8 ოლქში, მათ შორის ყველა დიდი ქალაქში.
„ევროპული საქართველო ნაცმოძრაობას ვთავაზობთ, რომ 22 რეგიონალური ოლქიდან კანდიდატი დააყენონ 18 ოლქში.
აქედან მათ კანდიდატს ჩვენი მხარდაჭერა ექნება და კონკურენტს არ დავუყენებთ 8 ოლქში, მათ შორის, ყველა დიდ ქალაქში – ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი.
ამ ოლქებში პირველივე ტურში შეეძლებათ ჩვენი მხარდაჭერით მოუგონ ხელისუფლებას.
კიდევ 10 ოლქში მათ ასევე ეყოლებათ კანდიდატები, რომლებიც დიდი ალბათობით გავლენ მეორე ტურებში და სადაც ჩვენ ასევე დავუჭერთ მხარს.
სანაცვლოდ, ჩვენი საერთო კანდიდატი იქნება 4 ოლქში, ხულო – ტარიელ ნაკაიძე, ხონი – კაკო ბობოხიძე, თერჯოლა – გიგი წერეთელი და ფოთი/მარტვილი – გიგი უგულავა.
ამაზე საოცარი პასუხი გაამზადეს და რაღაც ცხრილს დაატარებენ – ჩვენ ყველგან მეტი ხმა გვაქვს აღებული 2018 წელსო.
და მაგას ცხრილები რად უნდა – მეტი ხმა რომ აქვთ აღებული, მაგიტომ ვუთმობთ ყველა დიდ ქალაქს და მაგიტომ ვუჭერთ მხარს 8 ოლქში 4-ის სანაცვლოდ.
ანუ 22-დან 18, აქედან 8 საერთო კანდიდატი არ აწყობთ.
22-ივეში თვითონ უნდა დადგნენ, ოღონდ თავიანთი ხმებით ოცნებას ვერ უგებენ და მეორე ტურში ჩვენ იმედზე არიან.
ოღონდ თვითონ 22-დან 4 ოლქში არ უნდათ ობიექტურად ძლიერი კანდიდატების მხარდაჭერა.
და ამ კომბინაციაში პირველ ტურში ქუთაისის, რუსთავის, თელავის და ზუგდიდის მოგებაზე უარს ამბობენ. ამას რა ეწოდება, თავად შეაფასეთ“, – წერს ოთარ კახიძე.








